10 დეკემბერს მეგზევის დღე აღინიშნა

A-/A+

დღეს, სატუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელებმა მეგზევის დღის ტრადიციაზე, საგზაო სექტორის მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ზურაბ ალავიძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ხელმძღვანელი თამაზ შილაკაძე,  საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მინისტრმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. ზურაბ ალავიძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობაზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მეგზევის დღის აღნიშნვას საფუძველი 49 წლის წინ,  გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა (გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა). რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად წლის შედეგების შემაჯამებელმა შეხვედრებმა 1965 წლიდან ტრადიციის სახე მიიღო,  80-იანი წლებიდან კი ოფიციალურ პროფესიულ დღედ იქცა.

11.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია