ხვალიდან დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვის მეორე ეტაპი იწყება

A-/A+

რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  
პროექტი უკვე განიხილეს აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭაში, ხვალიდან კი შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება. ყველა შეხვედა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს და მხარეები იმ პრიორიტეტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვისაა აუცილებელი.
რეგიონებში პროექტის განხილვამდე, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ჩართულობით, სამი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა შემდეგი მიმართულებებით: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.
„სამუშაო ჯგუფების ფორმატში, ძირითადად, ყველა საკითხი გავითვალისწინეთ საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტში, თუმცა რეგიონებში დისკუსიისა და სიღრმისეული განხილვისას მნიშვნელოვან მოსაზრებებს ვისმენთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც შეეხება ფისკალურ, ადგილებზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა თუ სხვა თემებს. ყველა ეს წინადადება შეჯერდება და საბოლოოდ აისახება დოკუმენტში“ - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. 
დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი  საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის  მხარდაჭერით ხორციელდება.

19.01.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია