სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე დასახარჯი თანხები მნიშვნელოვნად შემცირდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს  სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და საპრევენციო სამუშაოების შესრულებისა და გეგმების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. 

ილია ბეგიაშვილის თქმით, 2017-2018 წლებში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოფხვრას 60 მილიონი ლარი მოხმარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ შემუშავებულ და დანერგილ მექანიზმებს, რაც საშუალებას იძლევა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე დახარჯული თანხები მნიშვნელოვნად შემცირდეს.  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა  სტიქიის პრევენციის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია. ეს თანხა ამ ეტაპზე მოხმარდება 150 პროექტის განხორციელებას, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული 300 პროექტიდან შეირჩა.  პროექტები მოიცავს კალაპოტების, პატარა მდინარეების, ხევების, არხების გაწმენდას. დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, ზოგან კი უკვე ტენდერიც გამოცხადდა.

„გარდა ამისა,  მუნიციპალიტეტებთან აქტიური მუშაობის შედეგად, ვიპოვეთ ყველაზე რაციონალური გზა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს გზების მოვლა-პატრონობას მთელი საქართველოს მასშტაბით. დეპარტამენტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები კომპანიებთან, რომლებიც გამოავლინა შესაბამისი ტენდერებით. ამ კომპანიებსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმები, რომელთა საფუძველზეც ეს კომპანიები  მყისიერად დაეხმარებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტს სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებში, დამატებითი ტენდერებისა და პროცედურების გარეშე,“- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. 
 

27.03.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია