საერთო კრება დღეს კიდევ 39 სოფელში ტარდება

A-/A+

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება გრძელდება. დღეს დასაფინანსებელი პროექტების შესახებ სხვადასხვა რეგიონის 39 სოფელში მსჯელობენ, გუშინ კი კრება 21 სოფელში ჩატარდა.
სოფლებმა უკვე აირჩიეს თავიანთ სოფლებში განსახორციელებელი პროექტები, მათ შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, წყაროს მოპირკეთება, საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა, ხიდის შეკეთება, გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და ა. შ.
პროგრამა სულ 3700 სოფელს მოიცავს, სადაცა კონკრეტული პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე  თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი  დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).
პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
 

16.01.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია