პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში, პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, გაელ ასაიჯის შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურის  სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა,  საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.

მხარეებმა განიხილეს წყალმომარაგების კუთხით განსახორციელებელი პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) დააფინანსებს. კერძოდ, საუბარი შეეხო ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

შეხვედრაზე ასევე  ისაუბრეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან დახმარების შემდგომ გაზრდაზე და რეგიონული განვითარების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და  ნარჩენების მართვის კუთხით პროექტებში თანამშრომლობის შესაძლებლობაზე.

16.04.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია