მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

A-/A+

​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად,  თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ზურაბ ალავიძემ და ირაკლი მატკავამ თურქეთის ელჩს საგზაო, წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე ის მსხვილი პროექტები გააცნეს, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.  

თურქეთის ელჩმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროექტებში ჩართვის სურვილი გამოთქვა და  აღნიშნა, რომ თურქული კერძო კომპანიები დაინტერესებულნი არიან  ინფრასტრუქტურის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით და სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობით. ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს რეგიონებს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. თუმცა ჯერ კიდევ არის ლოკაციები, რომლებსაც ჯრ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე.

ქართულმა მხარემ თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა  და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრის თქმით საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც რეგიონების განვითარების საწინდარი იქნება.

შეხვედრის დასასრულს  ელჩმა მინისტრი  თურქეთში მიიწვია, სადაც მნიშვნელოვან პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზებას დაპირდა. 

20.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია