მდინარე ნატანებსა და შავი ზღვის სანაპიროს ნარჩენებით დაბინძურება აღარ ემუქრება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შეკვეთილში, მდინარე ნატანების კალაპოტში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოები მოინახულეს.

აღნიშნული სამუშაოები ტურისტული სეზონისათვის მზადების ღონისძიებათა პროგრამისა და  შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.  

საპილოტე პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე  და მისი რეკომენდაციით ხორციელდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი  ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტებს  შეკავებას უზრუნველყოფს. მოწყობილობა მდინარის ორივე ნაპირზე   იმგვარად დამონტაჟდება, რომ ნარჩენებმა თავი მოიყაროს ერთ ადგილას, საიდანაც მოხდება მათი ამოღება და ნაგავსაყრელზე გატანა.

124 230 ლარის ღირებულების სამუშაოები  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ივლისის ბოლოს დასრულდება. 

05.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია