მაია ცქიტიშვილი - „მეტი ქალი უნდა იყოს წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე“

A-/A+

სასტუმრო „რუმს თბილისში“ USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, „მეწარმე ქალთა საბჭოსთან” (WBCG) ერთად,  რიგით მე-5 ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში მიმდინარეობს.

ღონისძიება, თბილისის მერიის, საქართველოს ბანკის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით ტარდება.

კონფრენციის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალების როლზე როგორც ეკონომიკის განვითარებაში ასევე,  გადაწყვეტილებების მიღებაში, რა თქმა უნდა პირველ რიგში აუცილებელია რომ უშუალოდ ჩვენ ქალბატონებს გვქონდეს შესაბამისი განწყობა და შესაბამისი  სურვილი, რომ ამ პროცესებში ჩავერთოთ. როდესაც ვსაუბრობთ ქალების როლის გაძლიერებაზე, ხშირად მითქვამს, რომ მე მოვისურვებდი ასეთი ტიპის ღონისძიებებში უფრო მეტი მამაკაცის ხილვას, რომელიც უფრო აქტიურად იქნებოდა ჩართული ქალების უფლებების ადვოკატირებაში. რა თქმა უნდა პირველ რიგში რადგან ჩვენ ეკონომიკურ გაძლიერებაზე ვსაუბრობთ და რადგანაც მეწარმე ქალბატონებთან გვაქვს დღეს შეხვედრა, ბუნებრივია აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა ფინანსების ხელმისაწვდომობის ნაწილში, საკონსულტაციო მომსახურების და სერვისების ნაწილში, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი ინტერესი იქცეს ბიზნესად. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს  ძალიან ბევრი მიმდინარე და ახალი პროგრამები, რომლებიც უშუალოდ ეხება პროფესიული განვითარების და განათლების მიმართულებას და ამ მიმართულების ხელშეწყობას. მე დარწმუნებული ვარ, იმაში რომ თქვენ ყველანი ამ პროგრამებით ისარგებლებთ, რათა ეს მიმართულება თქვენთვისაც გახდეს უფრო ხელმისაწვდომი და თქვენი სამეწარმეო საქმიანობის გაფართოვების საშუალებად იქცეს.

რაც შეეხება, ქალების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ზოგადად პოლიტიკის განვითარების ნაწილში, მიხარია რომ აქ იმყოფება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მეც ვარ ამ შემთხვევაში ქალების წარმომადგენელი  პოლიტიკაში და მთავრობაში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ყველანი ვართ მომხრეები, მხარდამჭერები და განმახორციელებლები იმისა, რომ  მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაია ცქიტიშვილმა.  

კონფერენციაში მონაწილეობენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ისინი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილება უზიარებენ. კონფერენციის მიზანია, ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ასევე, ხელი შეუწყოს ქალის როლის გაძლიერებას ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო სექტორში. 

27.03.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია