მაია ცქიტიშვილი - მოსახლეობის ხმა ხელისუფლებამდე მოდის

A-/A+

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.  
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კაკაბეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. 
ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილა სოფლისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე, მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებასა და მათთან ერთად პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოსახლეობამ ვიცე-პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა სოფლის პრობლემებზე და საჭიროებებზე. საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს  სოფელ კაკაბეთში სასაფლაოების მოწესრიგების საპროექტო წინადადებას.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
,,დღეს მოსახლეობისგან სხვადასხვა სახის პრობლემის შესახებ  მოვისმინე- სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა, შიდა გზების მოხრეშვა, სავარგულებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება, ნაგვის ურნების დამატება, ნარჩენების მართვის პრობლემები და მსგავსი საკითხები, რომელიც ადგილობრივებს  აწუხებთ. შარშან,  ხალხის მოთხოვნით სოფელში გარემონტდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა  საბავშვო ბაღს, განხორციელდა  წყალმომარაგების პროექტის ნაწილი. წელს გამოცხადებულია ტენდერი, რომ წყალგაყვანილობა დასრულდეს და ზაფხულისთვის ამ სოფელს უკვე ექნება უწყვეტი წყალმომარაგება. ასე რომ მოსახლეობის ხმა ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით ცენტრალურ ხელისუფლებამდე მოდის“ -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, თებერვლის ბოლომდე, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან, 232 საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 120 საკონსულტაციო შეხვედრა უკვე ჩატარდა.
 

26.01.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია