მაია ცქიტიშვილი: გაიზრდება შრომის ინსპექციის უფლებამოსილება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა  მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს, ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა - პავლე გამეზარდაშვილის, გოგი რაფავას, ელგუჯა ბოჭორიშვილის, მირზა ქურციკიძის, გიორგი ბოჭორიშვილის და ბესიკ გურგენიძის ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს.
მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე მიმდინარეობს  მუშაობა შრომის უსაფრთხოების წესების ზედამხედველობისა და კონტროლის გამკაცრების მიმართულებით: „სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად არის უკვე გადადგმული ბევრი ქმედითი ნაბიჯი, მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ არის მიღებული კანონი, რომლითაც კიდევ უფრო ძლიერდება შრომის ინსპექციის უფლებები - გარდა უკვე მინიჭებული დაჯარიმების უფლებისა, ასევე კრიტიკული შეუსაბამობების დადგენის შემთხვევაში მას შეეძლება ობიექტის გაჩერებაც“.
მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 3 მუშა დაზიანდა.

შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10.04.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია