კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა გაიხსნა

A-/A+

კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7 კმ-ზე მეტია და იგი საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, მის გარშემო  სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. 
საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ურთულესი პროექტის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდა, აშენდა 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. 
ტურისტული მიზნების გარდა, კობი-გუდაურის ახალი საბაგირო  გზა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ  გადაადგილების საშუალებას მისცემს და ამ მონაკვეთზე  ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემებს მოაგვარებს, რაც გეოგრაფიული მდებარეობისგამო, ყაზბეგის რეგიონში ხშირია. 
საბაგირო ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას. 
დაახლოებით 81 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ქართულმა და ფრანგულმა კომპანიებმა („ფერი“ და „პომა“) განახორციელეს. რთული საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის - ბაგირების გაჭიმვა, უცხოელი სპეციალისტების უშუალო ზედამხედველობით მოხდა.
საბაგირო გზის მშენებლობაზე 300 ადამიანი და 60-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობდა. 
 

19.01.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია