თბილისში 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში 23-ე მეტროსადგურს აშენებს.  სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან  ერთად,  აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა დაათვალიერა.  სამშენებლო ობიექტზე, ასევე,  იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და აზიის განვითარების ბანკის  მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი.  აღნიშნულმა პირებმა მეტროპოლიტენის სამშენებლო სამუშაოები   ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, აშენდება და მოეწყობა  მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, რესტავრაცია ჩაუტარდება არსებულ გვირაბებს და  დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც.  დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. მეტროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

23.02.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია