თბილისი-რუსთავის გზაზე გამწვანების აქცია დაიწყო

A-/A+

​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე  თბილისი-რუსთავის გზაზე მიმდინარე გამწვანების აქციაში ჩაერთვნენ და 1200 ძირი ფიჭვი დარგეს.  

„საერთაშორისო კორპორაცია სინოჰიდრო“, თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დროს დაზიანებული ხეების საკომპენსაციოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისი-რუსთავის გზაზე 2300 ხის დარგვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ხეები  დაირგვება მახათას მთაზეც (ჯამში 5 500-მდე ნერგი). 

გამწვანების აქციის ფარგლებში, სხვა მცენარეებთან ერთად,  560 ძირი წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგები დაირგვება.  აქციის ფარგლებში დაგეგმილია კაკლის, ელდარის ფიჭვის, ქართული მუხის, იფნის, კვიპაროსისა და ალვის ხეების დარგვა. კომპანია იღებს ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგებს კი 5 წლის განმავლობაში გაუწევს მოვლა- პატრონობას.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი, მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას,   სამივე მონაკვეთზე ითვალისწინებს.

02.03.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია