ვიცე-პრემიერმა ეკონომიკურ ფორუმზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მნიშვნელობაზე ისაუბრა

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის  თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. 

სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარ გამოსვლაში მაია ცქიტიშვილმა დიდი დრო დაუთმო საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიულ რეგიონულ  ცენტრად და მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად ჩამოყალიბების მიზნით, საქართველომ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო ასეთი ზონების შექმნაზე ფიქრი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება უცხოური კომპანიების საქმიანობის გააქტიურებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, რათა მათ დადგენილი შეღავათების გამოყენებით, 2.3 მილიარდიანი ბაზრით ისარგებლონ. 

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში ამჟამად სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე 5 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს. 

„სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის მეტად გამოყენების მიზნით, საქართველო-ჩინეთს შორის 2017 წელს გააფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ეკონომიკური ზონების განვითარების შესახებ. ასეთი ზონები ეხმარება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სამეწარმოე პოტენციალის  და სამეწარმეო  კლასტერების განვითარებას. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონების განვითარება მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისთვის, ახალისებს მეწარმეებს, რაც თავის მხრივ ააქტიურებს ეკონომიკური საქმიანობის ბევრ სექტორს, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და საერთო ჯამში, ხელს უწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
 

25.04.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია