ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის ტერიტორიის სრული სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.   მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის და მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე,  მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას,ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ამჟამად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების  (კარიბჭის,  მოზაიკური ტაძრის,  მრგვალი ტაძრის;  სამლოცველოს ზედა ტერასის,  ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შეკეთდება და განახლდება ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს. მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, დამონტაჟდება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები. ასევე,  მოხდება მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟი და მის ადგილს ახალი, თანამედროვე სტანდარტების 4 სართულიანი შენობა დაიკავებს, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის.  მოეწყობა ავტოპარკი, მცირე  ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს. 

სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, მსოფლიო ბანკის მისიის დირექტორთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.

28.05.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია