დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია ბათუმსა და ოზურგეთში განიხილეს

A-/A+

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა რეგიონებში აჭარიდან დაიწყო. დღეს ბათუმსა და ოზურგეთში გამართულ შეხვედრებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 
„ამ ეტაპზე ჩვენ სახეზე გვაქვს დაფინანსების, ე. წ. ტრანსფერის ახალი მოდელი, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ზრდას ითვალისწინებს და ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების განაწილების სრულიად ახალ მოდელს გვთავაზობს. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს შემოსავლების ეტაპობრივ ზრდას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ცენტრალურ დონეზე იდენტრიფიცირებული იქნება ყველა ის სერვისი და უფლებამოსილება, რაც დღეს შეიძლება მუნიციპალიტეტმა გააკეთოს“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა ყველა რეგიონშია დაგეგმილი და საკონსულტაციო შეხვედრებს სამინისტროსთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს.


„სტრატეგია გულისხმობს 2025 წლამდე პერსპექტივას, ის მოიცავს თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემას და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნას” - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.


სტრატეგიის განხილვა ხვალ ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება, შეხვედრების პირველი ციკლი კი 19 იანვარს ამბროლაურში დასრულდება.

 
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ჩართულობით, სამი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა შემდეგი მიმართულებებით: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.


დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი  საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის  მხარდაჭერით ხორციელდება.
 

16.01.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია