ადგილობრივებმა,ხშირ შემთხვევაში,უკეთ იციან რა პრობლემების მოგვარებაა პირველი რიგის ამოცანა

A-/A+

კონფერენციაში „ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“, დღეს მოხსენებით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.

პანელურ სესიაში, ილია ბეგიაშვილმა იმ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა რეგიონული და ტერიტორიული განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიდგომების, სტანდარტებისა და ინსტრუმენტების ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით.  

ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, შემუშავებულ მიდგომებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც მომზადების პროცესშია.

„სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტებია: ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელება, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის ხარისხის ამაღლება, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება და რესურსების მართვის სისტემის დახვეწის ხელშეწყობა, კომპეტენციების გამიჯვნა ხელისუფლების სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებს შორის და სხვა მიმართულებები,“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება დაუთმო სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგა და მისი ბიუჯეტი ამ ეტაპზე 40 მილიონი ლარია. 

„პროექტები რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, განისაზღვრება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, შესაბამის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების განაწილების კუთხითაც, როცა მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ფართო ჩართულობით განსაზღვრავს კონკრეტულ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მათი დაფინანსების მიზნით თხოვნით მიმართავს მთავრობას. ეს კარგი პრაქტიკაა, რადგან ადგილობრივებმა, ხშირ შემთხვევაში, უკეთ იციან რა საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებაა პირველი რიგის ამოცანა,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

29.03.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია